პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას თუ არ მოიწვევს, დეპუტატებს 48 საათში შეკრების უფლება აქვთ

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას თუ არ მოიწვევს, დეპუტატებს 48 საათში შეკრების უფლება აქვთ

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დადგენილ ვადაში თუ არ მოიწვევს, პარლამენტს უფლება აქვს, 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს. ამის შესაძლებლობას კანონმდებლებს პარლამენტის რეგლამენტი აძლევს.

რეგლამენტითვე რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას, თან რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა უნდა ერთვოდეს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.

25 მარტისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. მთავარი საკითხები, რის გამოც მმართველ უმრავლესობას ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები და "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტია, რომელიც კანონმდებლებმა მესამე, საბოლოო მოსმენით უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.

ამასთან, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის არსებულ ვარიანტს მხარს ვერ დაუჭერს..

მისი თქმით, პრეზიდენტი ეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ რედაქციას მხარს არ დაუჭერს.
"ეს არის არა რეფორმა, არამედ ანტირეფორმა და არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ სასამართლო სრულად დაუქვემდებაროს სამთავრობო კონტროლს. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ამ ცვლილების არსებობას პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", – განაცხადა ნინო კალანდაძემ.