ფოთის მეტალურგიულ ქარხანა "მოულდ ენდ მეტალს ჯორჯია"-ში გაფიცვა გრძელდება. მეტალურგთა პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით , გვიან ღამით დაწყებული მოალაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, ქარხნის 9 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციისთვის წერილობით წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ. გაფიცვის ორგანიზებაში ქარხნის თანამშრომლებს დახმარებას მეტალურგთა პროფკავშირები უწევს.
"იმის მაგივრად, რომ დასაქმებულებთან სოციალური დიალოგი დაეწყოთ, სამსახურიდან გაათავისუფლეს პროფკავშირის 5 წევრი და 4 აქტივისტი, რომლებიც ამ პროცესის ლიდერები იყვნენ. შესაბამისად, ყველა სხვა საკითხმა ამ ეტაპზე მეორე პლანზე გადაინაცვლა. დღეს გაფიცულების ერთადერთი მოთხოვნა დასჯილი ადამიანების სამუსახურში აღდგენაა",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ.
აქციის მონაწილეები ქარხანამდე გადაადგილების საშუალებას არც იქ დასაქმებულ ინდოეთის მოქალაქეებსა და იურისტს არ აძლევენ. მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, ინდოელი მუშები გაფიცულებისადმი სოლიდარობის ნიშნად სამუშაოდ დილიდან არ გასულან და მათ სამსახურში დაბრუნებას აიძულებენ.