1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა

1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა

წუხელ, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში, 1 წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულების ექიმები განმარტავენ, მასის დეფიციტი ქონდა. გოგიტა აბაშიძე 4 კილო და 200 გრამი დაიბადა და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩვილი კლინიკაში უშუალოდ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მოათავსეს. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში განმარტავედნენ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში მცხოვრები აბაშიძეების ხუთსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ამასთან, ისინი არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებენ.

"ოჯახის დაუდევრობის გამო, ერთ-ერთ ბავშვს არ აქვს პირადი ნომერი მინიჭებული. საუბარია უფროს შვილზე, რომელიც 6 წლისაა. ამის გამო, მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს", - აცხადებენ გამგეობის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ხელვაჩაურის გამგეობისა და საკრებულოსთვის მათი პრობლემის შესახებ ცნობილი არ იყო, შესაბამისად, გამგეობამ მათი დახმარება აქამდე ვერ შეძლო.

პრესსამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, აბაშიძეების ოჯახს გამგეობამ ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარება უკვე გამოუყო.