ფოთში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ფოთში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ

ფოთში ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქარხნის მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო .
გაფიცულ მუშა-მოსამსახურეებს მოგვიანებით, ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეურთდნენ. ქარხნის მუშები ადმინისტრაციისგან არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ზომების დაცვასა და შესაბამის ანაზღაურებას თხოვენ.

"ყოველდღიურად 12 საათი ვმუშაობთ და ეს მაშინ, როცა არანაირი სამუშაო პირობა ამისთვის არ არსებობს. როცა მოვითხოვეთ ამ ყველაფრის გამოსწორება, ადმინისტრაციისგან მხოლოდ დაპირებები ისმოდა. მოთმინების ფიალა ჩვენც აგვევსო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დოკუმენტზე ხელის მოწერა მოგვთხოვეს, რომლის მიხედვითაც, კარგი სამუშაო პირობები გვაქვს. თუმცა, ყველანი ხედავთ, აქ როგორი პირობებია და ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით დოკუმენტის ხელმოწერაზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქარხნის თანამშრომელმა დავით კიკავამ.

გვიან ღამით გაფიცულებთან მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელი მივიდა, რის შემდეგაც მოლაპარაკების მიზნით ქარხნის მენეჯმენტს შეხვდა.

"რაღაც მიზერული ხელფასი შეაქვთ ყოველთვიურად სახლში. რის ხარჯზეც, ყველანი კარგად ხედავთ. მუშების ჯანმრთელობა ეწირება ამ ყველაფერს და არავინაა ამ ხალხის სატკივარის გულთან მიმტანი. კანონის ენაზე, ეს ადამიანები არიან 21-ე საუკუნეში საქართველოში დამკვიდრებული ველური კაპიტალიზმის მსხვერპლნი. საქართველოს პროფკავშირები ამას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება", -გ ანაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ.

"ყოველ ღამით გვგონია, რომ ომი იწყება. აუტანელი ხმაური, კვამლი და მტვერია მუდმივად. ბავშვები ეზოებში ვეღარ გამოგვყავს. ან გააუმჯობესონ ტექნოლოგიები ან ჩვენ მოგვიხერხონ რამე. აქ ცხოვრება შეუძლებელია, დაავადდა ხალხი",-აცხადებენ ადგილობრივები.
ქარხნის მენეჯმენტს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.