რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ექვსი ქართველი გათავისუფლდა

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ექვსი ქართველი გათავისუფლდა

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

შსს-ს ცნობით, 9 თებერვალსა და 15 მარტს, გორის რაიონის სოფლებში – ქვეშსა და არცევში, ხოლო 14 მარტს – ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო კვეთისთვის" 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაგაშვილი, ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმები
– ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ, როცა ისინი ნათესავებისგან შინ ბრუნდებოდნენ.

გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა.