"ნაციონალები" სასამართლოების შესახებ პროექტს მხარს არ დაუჭერენ

"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პოზიცია უმცირესობამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კრიტიკა სამართლებრივი მოსაზრებების გარდა, პოლიტიკური არგუმენტაციის საფუძველზეც დააფიქსირა და მმართველი გუნდი სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"ნაციონალური მოძრაობისათვის" კვლავ კატეგორიულად მიუღებელი რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება და ასევე იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ ასარჩევი ექვსი არამოსამართლე წევრის არჩევის წესი. უმცირესობა ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ იზიარებს და უარს ამბობს პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელ პირთა ასარჩევად ქვორიმის გაზრდაზე.

დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებას" დღეს ისიც შესთავაზა, რომ თუ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა სურთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი არამოსამართლე წევრი პარლამენტის ნაცვლად, სასამართლომ აირჩიოს.

სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეს მეორე მოსმენით დაუბრუნდა. იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პაკეტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით გასული წლის დეკემბერში მიიღეს. ამ დრომდე კი, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდებოდა.

პირვანდელ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები აისახა, თუმცა უცვლელი რჩება საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მიზანი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაციას და საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წამომადგენლებისგან აირჩევს. საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას კი, მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.

ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. თვით კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.

ცვლილებების თანახმად, ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება კი, მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს ექნება.

პროექტის თანახმად, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან გამიჯვნა.

ამავე ცვლილებებით, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.

ასევე, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა აირჩეს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კანონის ამოქმედებისთანავე უწყდება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მასვე ეკისრება თავმჯდომარის მოვალეობათა შესრულება.