"თავისუფალი დემოკრატები" რუსთავის თვითმმართველობას უმოქმედებაში ადანაშაულებენ

"თავისუფალი დემოკრატები" რუსთავის თვითმმართველობას უმოქმედებაში ადანაშაულებენ. 

როგორც პარტიის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ომაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობა 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქალაქში აღარაფერს აკეთებს, შეჩერებულია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაშინ, როცა უამრავი გზა, სპორტული მოედანი და საცხოვრებელი კორპუსის სახურავია შესაკეთებელი.

"ბოლო ხუთი თვის განმავლობაში "ნაცმოძრაობის" აქტივისტები, რომლითაც დაკომპლექტებულია რუსთავის თვითმმართველობა, სამსახურში დადიან მხოლოდ ხელფასების ასაღებად. ფაქტიურად, ხალხისთვის აუცილებელი არც ერთი პრობლემა არ არის გადაჭრილი და არც იგეგმება. არის იმის მცდელობაა, რომ ხალხს შეუქმნან წარმოდგენა, თითქოს კოალიცია "ქართული ოცნება"", რომელიც მზადაა ხალხის პრობლემები გადაჭრას, არ აქცევს მათ ყურადღებას"", – განაცხადა, გოჩა ომაიძემ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახა ბარათაშვილის განცხადებით კი, თვითმმართველობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას პრობლემების გადაჭრის კუთხით და აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროებთან.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ სამინისტროებთან, შევიმუშავეთ 2013 წლის ბიუჯეტი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის სამინისტროს მათი მოთხოვნის შესაბამისი ფორმით გადავეცით იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, რომელიც დაგეგმილია და წელს უნდა განხორციელდეს რუსთავში. სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პროექტებისათვის გამოყოფენ 12 მილიონ ლარს. ამ ეტაპზე ველოდებით თანხას და მუშაობას ჩვეულ რიტმში შევუდგებით."" – განაცხადა, ბარათაშვილმა.