ზაქარია ქუცნაშვილი:  საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა ღალატი არ არის

ზაქარია ქუცნაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა ღალატი არ არის

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა გადაბირების დემონსტირება და სისუსტის გამოვლენა არ არის. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილმა პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

"ჩვენი მიზანი არ არის გადაბირების დემონსტრირება და ვინმეს სისუსტის გამოვლენა. ეს რომ იყოს ჩვენი მიზანი, თქვენ იცით, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილი იყო 65 წევრით. დღეს თქვენს რიგებში 53 პირია და 12-ვე ამ შემთხვევას ზარზეიმის საგნად ვაქცევდით",- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, უმრავლესობას სულ სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ შორის უმთავრესია თანამშრომლობის ასპარეზის შექმნა მხარეებს შორის. "ისეთი თანამშრომლობის შექმნა, რომელსაც საფუძვლად ანგარება ან გარიგება არ უდევს. ეს კი მიიღწევა თუ ერთმანეთთან არ ვივაჭრებთ, ქილიკით არ დავუწყებთ საუბარს. ტერმინი - გადაბირებული აღმოჩნდები, ეს არის სამხედრო ტერმინი, რომელიც ძირითადად მოღალატეებთან ურთიერთობაში გამოიყენება და ჩვენ არ მიგვაჩნია, ვინც ხმას მისცემს, ის არის მოღალატე, პირიქით, პატრიოტია",-განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ქუცნაშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემა არ არის ღალატი და ვინც ამას ამბობს, ის ცდილობს, შეიქმნას არა თანამშრომლობის, არამედ, დაპირისპირების ასპარეზი. "ასეთი ერთი-ორი პოლიტიკოსია",- აღნიშნა ქუცნაშვილმა.