სოზარ სუბარი:  ბაჩო ახალაია მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდება

სოზარ სუბარი: ბაჩო ახალაია მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდება

ბაჩო ახალაია და სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები გლდანის ციხიდან მატროსოვის ციხეში მაქსიმუმ 10 დღეში დაბრუნდებიან, - ამის შესახებ სასჯლაღსრულების მინისტრმა , სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში განუცხადა. 

სოზარ სუბარმა აღნიშნული დაწესებულება, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან და ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სარეალიბიტაციო პირველადი სამუშაოების დასრულებისთანავე გლდანის #8 დაწესებულებიდან ბაჩო ახალაია და სხვა ყოფილი თანამშრომლები ე.წ. მატროსოვის ციხეში დაბრუნდებიან.

ამასთან, სუბარმა კიდევ ერთხელ განმარტა მათი გლდანის დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი. როგორც მან აღნიშნა, სარემონტო სამუშაოების დროს შეუძლებელი იყო აღნიშნულ დაწესებულებაში რომელიმე პატიმარის დარჩენა. ხოლო, ბაჩო ახალაიას ახლობლების ბრალდებაზე, რომ გლდანის ციხეში მათ მიმართ საფრთხე არსებობს, სუბარი აცხადებს, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალაიას და სხვა ბრალდებულების დაწესებულებაში ყოფნა უსაფრთხო იყოს.

ამასთან, ახალაიას და სხვა ბრალდებულების უსაფრთხოების გაზრდის რეკომენდაცია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სოზარ სუბარს მედიის თანდასწრებით კიდევ ერთხელ მიაწოდა.
ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში მინისტრმა მედიას დაათვალიერებინა მიუსჯელებისა და მისჯილების დაწესებულები. რაც შეეხება ბრალდებულების კორპუსს, მინისტრის თქმით, შენობა დანგრევის პირას არის და იქ პატიმრების ყოფნა საფრთხეს წარმოადგენდა.

სოზარ სუბარის თქმით, გაუსაძლის პირობებში იყვნენ სასჯელმისჯილი პატიმრებიც, რომლებისთვისაც ამ ციხეში ყოფნა არ განსხვავდებოდა წამებისგან.
სოზარ სუბარის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები მთლიან დაწესებულებას ჩაუტარდება.