თეა წულუკიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

თეა წულუკიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული თითქმის ყველა ელჩი დაესწრო.
იუსტიციის მინისტრი დიპლომატებს ქვეყანაში სამართლის სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

თეა წულუკიანის განცხადებით, უცხოელი დიპლომატები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქვეყანაში, სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

მინისტრის თქმით, ის ელჩებს სასამართლო რეფორმის, სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებების, შრომის ახალი კოდექსის შესახებ ესაუბრა. სამომავლო გეგმებიდან კი დიპლომატების ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეაჩერა.

"მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია და მისი საქმიანობა; ბიზნესისათვის წართმეული ქონების დაბრუნების მექანიზმები; დანაშაულის პრევენციის კუთხით გასატარებელი რეფორმები, საპროცესო გარიგების ინსტიტუტი - თითოეული ამ საკითხთაგანი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. არანაკლებ მნიშვნელოვანია უცხოელი დიპლომატების სწორი და დროული ინფორმირება ჩვენს ქვეყანაში, სამართლებრივ სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ის დიდი ხანია, გეგმავს ელჩებთან შეხვედრას, თუმცა ამის საშუალება მხოლოდ დღეს მიეცა. წულუკიანი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.