მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ პარლამენტს კონსტიტუციური ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, კონსტიტუციური კანონის პროექტზე მსჯელობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საზოგადოებას მისი შინაარსი მკაფიოდ განემარტა.
მისივე ინფორმაციით, კომისიამ საქართველოს მასშტაბით 14 სხდომა ჩაატარა, მათ შორის სამი შეხვედრა გაიმართა თბილისში - პროფესორ-მასწავლებლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიებთან და ჟურნალისტებთან.

როგორც კობახიძემ განმარტა, 20 წევრისგან შემდგარ კომისიაში 6 წევრი უმრავლესობას ჰყავდა, 6 - უმცირესობას, დანარჩენ წევრებს კი არასამთავრობოები წარმოადგენდნენ.
მანანა კობახიძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო უმცირესობა განხილვების პროცესს გამოეთიშა.

"გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების თანახმად, პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების დანიშვნა უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ. არასამთავრობოები ამბობდნენ, რომ პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის 6 თვიანი შეზღუდვის მოხსნა სახიფათოა. ითქვა, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლოა პოლიტიკური კრიზისის საფრთხე გაჩნდეს. კერძოდ, პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე გადააყენოს პარლამენტი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს მის მიერ დანიშნული მთავრობის პირობებში. ექსპერტთა ანალიზის მიხედვით, გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ პროექტს დაემატოს ნორმა - გადაყენებული მთავრობა აგრძელებს უფლებამოსილების გაგრძელებას, ვიდრე მას არ შეცვლის მთავრობა, რომელსაც ექნება პარლამენტის ნდობა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ონლაინ-რეჟიმში განხორციელდა.

როგორც კობახიძემ განმარტა, გამოკითხვაში მონაწილეთა 67% ეთანხმება, რომ პრეზიდენტს მთავრობის შექმნა აეკრძალოს. მისივე თქმით, თითქმის იგივე რაოდენობა არ ეთანხმება, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვის და საპრეზიდენტო ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.

კობახიძის განმარტებით, შემაჯამებელი ოქმი იურიდიულ კომიტეტს გადაეცა და მან გარკვეული ტრანსფორმირება განიცადა, რაც სწორია.

"კანონპროექტს ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორ ჰემპტონის დასკვნაც ერთვის. ვფიქრობ, კომისიამ თავისი როლი შეასრულა. განხილვები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ყველა დასკვნა დოკუმენტირებულია, ხოლო საზოგადოება - ინფორმირებული", - აღნიშნა კობახიძემ.