პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში კვოტები განისაზღვრა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში კვოტები განისაზღვრა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა წარმომადგენლობითი კვოტები განისაზღვრა. 

პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისია ეროვნულ მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით იქმნება. 12 დეპუტატით განსაზღვრულ დროებით კომისიაში კვოტები პროპორციულად გადანაწილდა და რეგლამენტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, მასში საპარლამენტო უმრავლესობა უმრავლესობით არ არის წარდგენილი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წინადადებით და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომისიაში ორი-ორი წევრი დიდ ფრაქციებს - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოლება, თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება ყველა დანარჩენ ფრაქციას და ერთი წევრი - უფრაქციოდ დარჩენილ დეპუტატებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა. კომისიის შექმნა კომიტეტის 21 თებერვალის სხდომას უკავშირდება, სადაც შპს-ების "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" გენერალური დირექტორების განცხადება განიხილეს, რომელიც ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან რიგ დარღვევებს ეხებოდა.

კომიტეტის შეფასებით, საკითხის განხილვისას გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები მარეგულირებელი კომისიის მხრიდან. კერძოდ, ადგილი აქვს კომისიის წევრების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. ასევე დოკუმენტების გაყალბებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევას.
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, პარლამენტი აღნიშნული კვოტების შესაბამისად კომისიას დააკომპლექტებს.