ბარაქ ობამა პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა

ბარაქ ობამა პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ისრაელში ვიზიტის მეორე დღეს რამალაში ჩავიდა, სადაც პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, აბასი ამერიკელ კოლეგას თვითმფრინავთან დახვდა, საიდანაც საპრეზიდენტო სასახლეში გაუძღვა. 

"როიტერის" ცნობით, ობამას განცხადებით, პალესტინაში ის არ ჩასულა სამშვიდობო ინიციატივებით და მისი ვიზიტი მხოლოდ "მოსმენითი" ხასიათისაა.

ობამას ისრაელში ვიზიტის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში აშშ-ის პრეზიდენტის სტუმრობის საწინააღმდეგო აქციები იმართება. დემონსტრანციები გაიმართა ღაზას სექტორშიც, სადაც შეკრებილებმა ობამას სურათები და ამერიკის დროშა დაწვეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ღაზას სექტორში ჩასვლას არ გეგმავს.

აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ისრაელში ეს ბარაქ ობამას პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც ობამა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას შეეცდება. მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები 2010 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლების აშენება დაისახა მიზნად.