ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორებას ურჩევს

ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზების გამოსწორებას ურჩევს

ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები შეასწოროს. 

ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტებს დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მდგრადი განხორციელების მიზნით, სასურველია, რომ საქართველომ უზრუნველყოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების პატივისცემა, ასევე ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში მოხდეს ქვეყნის მასშტაბით და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან მათი განხილვა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ცვლილებებმა დროს გაუძლოს.

"სასმართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მოხდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, სისხლის სამართლის პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით, სამაართლიანი სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად შეიცვალოს ადმინისტრაციული დაკავების წესი და პოლიტიკის შემუშავების პროცესში გათავალისწინებული იყოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი სისხლის სამართლებრივი დევნა და თავიდან აცილებულ იქნას ყოველგვარი აღქმა იმისა, რომ შერჩევითი სამართალი ხორციელდება, გაიზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის ხარისხი. წარიმართოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების სიღრმისეული და გამჭვირვალე დამოუკიდებული გამოძიება, განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით მომავალში, უფლებების დარღვევისა და არასათანადო მოპყრობის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით უზრუნველყოფილი იყოს პენიტენციურ სისტემაში ეფექტური შიდა და საგარეო მონიტორინგი. უფრო მეტად განამტკიცოს მედიაპლურალიზმი და დამოუკიდებლობა, გამოხატვისა და აზრის თავისუფლება, განახორციელოს კანონი მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ, კანონმდებლობით გაამყაროს მასტქერისა და მასტოფერის პრინციპის მოქმედება, გააგრძელოს და უფრო ინტენსიური გახადოს შრომის საერთაშორისო ორგანზიაციასთან დიალოგი და პარტნიორობა, მოამზადოს შესწორებები შრომის კოდექსში, რასაც მოჰყვება შრომის უფლებების გაუმჯობესება და სოციალური დიალოგის განმტკიცება. მიიღოს ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. უზრუნველყოს უმცირესობების უფლებების დაცვა რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, გააგრძელოს სექტორული რეფორმების განხორციელება რათა გზა გაუხსნას ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით მუშაობის დასრულებას", - აღნიშნულია ანგარიშში.

ყოველწლიურ ანგარიშში ასევე აღწერილია თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში 2012 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და ამ პროცესში მიღწეული წარმატება თუ შეფერხება. ანგარიშის თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა.

"მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმების ტემპი შეშფოთების საგნად რჩება. ამავდროულად საქართველო წარმატებით აგრძელებდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეკონომიკური და სოციალური რეფორმები და შრომითი უფლებები მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა გამოიკვეთა იმედის მომცემი ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. ვაჭრობასთან დაკავშირებით ევროკავშირმა დაიწყო მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცრის შესახებ. დაიწყო დიალოგი ვიზების ლიბერალიზაციის სფეროში და ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში უფრო მეტმა ქართველმა სტუდენტმა და მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამავდროულად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2012 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წლის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი საქართველომ გაითვალისწინა, თუმცა კვლავ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ძირითადი რეკომენდაციების დარჩენილი ნაწილის შესრულებისთვის.