ადვოკატი ირაკლი შავაძე მთავარ პროკურორს მიმართავს

ადვოკატი ირაკლი შავაძე მთავარ პროკურორს მიმართავს

ადვოკატი ირაკლი შავაძე სახელმწიფოს მხრიდან ქონების უკანონოდ ჩამორთმევაზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს საქმის შესწავლას სთხოვს. 

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი შავაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისის რაიონულ პროკურატურას წარმოებაში აქვს სისხლის სამართლის საქმე, სადაც 12 პირი დაზარალებულად არის ცნობილი.

როგორც შავაძემ განმარტა, საქმე შეეხება უცხო ქვეყნიდან შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც, საქმის მიხედვით, სარეგისტრაციო ნაკლი საქართველოში შემოყვანიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩნდათ. შავაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან კეთილსინდისიერი შემძენები, რომლებმაც სატრანსპორტო საშუალებები მომსახურების სააგენტოში რეგისტრირების და განბაჟების შემდეგ შეიძინეს, ხოლო სარეგისტრაციო ნაკლი შესაბამის სახელმწიფო მოხელეებს უნდა აღმოეჩინათ, საქართველოს ტერიოტრიაზე შემოყვანის დროს სავალდებულო რეგისტრაციისას. ადვოკატის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი გამგეობებს დაურიგდა, ნაწილი კი სახელმწიფო შენობებთან არის გაჩერებული.

"დაზარალებულების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკუთრებაში მიქცევით ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებას. სისხლის სამართლის საქმეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ცნობილი არიან დაზარალებულებად. მიუხედავად აღნიშნულისა, მათ ადგებათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლების განმავლოაბში მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმყოფება ქუთაისის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე, მესაკუთრეები ვერ სარგებლობენ აღნიშნული ავტომანქანებით, დაკარგეს სამუშაო და ყოველდღიური შემოსავალი", - აღნიშნა ირაკლი შავაძემ.

ადვოკატი მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, ქუთაისის რაიონულ პროკურატურის პროკურორ გივი შენგელიას, განცხადებით მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს საქმის შესწავლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს.

ბრიფინგს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მეპატრონეებიც ესწრებოდნენ. როგორც თამაზ კბილავამ აღნიშნა, საქართველოში ჩამოყვანისას ყველა აუცილებელი რეგისტრაცია და შემოწმება გაიარა ავტომობილმა რის შემდეგაც შეიძინა, ამიტომაც, ავტომანქანის კანონიერი მესაკუთრეა და მის დაბრუნებას ითხოვს:

"თამაზ ხუჭუასგან ვიყიდე ავტომობილი, რომელმაც გერმანიიდან ჩამოიყვანა. განბაჟების დროს იქ ვიყავი, არ შექმნილა პრობლემა, ასევე, ექსპერტმა შეამოწმა მანქანა. შემდეგ, საპატრულოში ავიღე ავტომობილის ნომრები და ოთხი წლის განმავლობაში ვატარებდი ჩვეულებრივად. ორი წლის წინ კი ქუთაისში წაიყვანეს მანქანა და მითხრეს, რომ გერმანიაში მოპარული იყო. თავის დროზე რატომ ვერ დაადგინეს რაიმე პრობლემა თუ ჰქონდა?", - აღნიშნა თამაზ კბილავამ.