სოსო რობაქიძე:  დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე

სოსო რობაქიძე: დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე

2004 წელს პოლიციელის მიერ მოკლული ამირან(ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხლავას მიერ გუშინ გავრცელებულ კადრებს სიყალბეს უწოდებს. 

როგორც რობაქიძემ განაცხადა, კადრებში ნამდვილად "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტის მუკბანიანის ხმა ისმის, თუმცა დროში ცდომილებაა.

"გასროლიდან 39-ე წამზე მუკბანიანი ვერ მოახერხებდა რაციით შეტყობინების გადაცემას. კადრებში ჩანს მაიზერ ლიპარტელიანი, რომელიც გასროლის დროს შემთხვევის ადგილზე არ იყო. იგი 15-20 წუთის შემდეგ მივიდა", - აცხადებს სოსო რობაქიძე.

მისივე თქმით, დონაძეს და ფირცხალავას ცუდად აქვთ საქმე და ამიტომ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს.

რობაქიძემ გამოძიებას კიდევ ერთხელ სთხოვა შსს-ს მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორის ირაკლი წერეთლისა და გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვა. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქმის გამოძიება მალე დასრულდება და დამნაშავეები დაისჯებიან.

"არ მინდა, ამ მთავრობის დროს საქმე წავიდეს სტრასბურგში, რადგან იმედი მაქვს, რომ სამართლიანობა ჩემს ქვეყანაში აღდგება", - აცხადებს სოსო რობაქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გუშინ ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები წარუდგინეს.

დონაძის თქმით, კადრებში ჩანს, რომ გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს.

"გასროლიდან 39-ე წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, გოჩა მუკბანიანი დგას შემთხვევის ადგილზე, შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს პატრულს ტექსტით - "არიან დაკავებულები, დაჭრილები, არის იარაღი, გამოუშვით სასწრაფო", - აცხადებს დონაძე.