დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება

დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება

დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა.

მინისტრი დღეს პროექტ "საქართველოს მთავრობა - ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და როგორც განხორციელებულ სამუშაოებზე, ისე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, სამინისტროში დაწესდა დევნილთა მიღების დღე და უკვე მიღებულია 10 ათასზე მეტი დევნილი.

მისი ინფორმაციით, 308 დევნილ ოჯახს ფართი უკვე გადაეცა და 300-ზე მეტს კერძო საკუთრებაში დაუკანონდა, თუმცა ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს. ამასთან, 5 200-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა ბინის სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღო.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შეკეთდა 26 ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ამასთან, 200-მდე დევნილს სხვადასხვა სახით ერთჯერადი დახმარება გაეწია.

მინისტრის ინფორმაციით, აშენდება ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის, როგორც რეგიონებში, ისე თბილისში. დარახველიძის თქმით, თბილისში 20 ათასზე მეტი დევნილი ოჯახია, რომელიც ბინით უზრუნველყოფას ელოდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სერიოზული ციფრია და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას რამდენიმე წელი დასჭირდება.

დავით დარახველიძის თქმით, თუ დევნილს აქვს სურვილი, რომ თბილისიდან რეგიონში წავიდეს საცხოვრებლად, ამასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით, მას ექნება უპირატესობა ფართის გადაცემის კუთხით.