ევროკავშირის ელჩი საქართველოს ურჩევს, ვილნიუსის სამიტისგან საოცრებებს არ დაელოდოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს ურჩევს, ვილნიუსის სამიტისგან საოცრებებს არ დაელოდოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოს ურჩევს, ვილნიუსის სამიტისგან საოცრებებს არ დაელოდოს. ამის შესახებ ფილიპ დიმიტროვმა მას შემდეგ განაცხადა , რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა - რა მოლოდონი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ვილნიუსის სამიტისგან.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არის კარგი შემთხვევა იმისთვის, რომ გაკეთდეს შეფასებები თუ რას მიაღწია საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

"ასეთ ღონისძიებებზე უფრო ხშირად წინ წამოწეულია ის ნაკლოვანებები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია. თუმცა ის ასევე შესაძლებობას იძლევა, აღნიშნოს წინსვლაც, რომელიც არსებობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან მიდგომა ინდივიდუალურია, სწორედ ამიტომ აღნიშნულ სამიტზე გაკეთებული შეფასებები მნიშვნელოვანია. ის ქვეყნები, ვინც მიიჩნევა რომ დადებით ცვლილებებს ახორციელებენ, როგორც წესი, დადებითად ფასდება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია რას აკეთებ, თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება ეს აღქმული", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

მისივე თქმით, ვილნიუსში ხელი არაფერს მოეწერება, რადგან "ხელმოწერების მაგიდა არ არსებობს", თუმცა სამიტზე ჩამოყალიბდება შეთანხმებები საბოლოო სახით და ისინი საზოგადოებას წარედგინება.

"დოკუმენტებზე ხელმოწერა მოგვიანებით მოხდება, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევქმნით ძალიან კარგ ფორმას, რომლის მიხედვითაც შეთანხმებაში ჩამოყალიბებული ძირითადი საკითხები, ამოქმედდება შეთანხმების რატიფიცირებამდე. ამავდროულად მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, საოცრებებს ნუ დაველოდებით ვილნიუსის სამიტისგან", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.