ფილიპ დიმიტროვი:  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდები

ფილიპ დიმიტროვი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდები

ევროკავშირი თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა.

ელჩის თქმით, მისი ფუნქცია არ არის, შეაფასოს როდის და როგორ შეიძლება განხორციელდეს კონსტიტუციის ცვლილება სუვერენულ ქვეყანაში, თუმცა იმედის მომცემი იყო ის სიახლეები, რომელიც საქართველოს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ურთიერთობების დადებით დინამიკას ეხებოდა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე განსაკითრებულ სირთულეებს არ ველოდები. თუ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კარგია, ხოლო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ეს მათი იდეა იყო, ვფიქრობ, მოინახება საერთო ენა. ეს საბოლოო ჯამში სამომავლო პროცესებს ეხება და პოზიტიურია. ამავდროულად მესმის, მნიშვნელოვანია, ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ ჩანდეს, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ნორმალურად ვითარდება. მივესალმებით თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს. თანამდებობის პირებს ირჩეენ იმისთვის, რომ მათ მართონ ქვეყანა. თუმცა, ხელისუფლება ქვეყანას მართავს მათთვისაც, ვინც მას მხარი დაუჭირა და მათთვისაც, ვინც მისი მოწინააღმდეგე იყო. ამიტომ კარგი იქნება, თუ დროდადრო მოინახება მექანიზმები, რომელიც აჩვენებს ერთიანობას საქართველოში. თუ ვიხილავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ, კმაყოფილი ვიქნებით, რადგან დავინახავთ, რომ საქართველო ვითარდება იმ გზით, როგორითაც მას სურს", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.