ირაკლი ალასანია - სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი მძიმე პირობებშია

ირაკლი ალასანია - სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი მძიმე პირობებშია

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი უკიდურესად მძიმე პირობებშია. ამის შესახებ ალასანიამ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უწყება ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმას უკვე ამზადებს.

"შეიქმნა ინფრასტრუქტურის და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების შემსწავლელი კომისია. დადგინდა, რომ სამხედრო ბაზების ძირითადი ნაწილი არის უკიდურესად მძიმე პირობებში. ამჟამად სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ფინანსურ გათვლებს და ამზადებს ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპობრივ გეგმას. გრძელვადიანი გეგმა, გვინდა, რომ განვახორციელოთ გერმანელ პარტნიორებთან ერთად, რადგან, ჩემი აზრით, საუკეთესო სპეციალისტები სწორედ გერმანებელი არიან. მოკლევადიანი ამოცანები კი არის, რომ ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც სამხედროებს აქვთ, მოეხსნათ", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, დაანგარიშება უკვე გაკეთებულია და პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრისგან არსებობს მზადყოფნა, რომ სამხედრო ბაზების კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტგარეშე სახსრები გამოიყოს.


"გუშინ მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ამ საკითხზე და ბიუჯეტგარეშე სახსრების გამოყოფის თაობაზე მათი მხრიდან მხარდაჭერა არის უზრუნველყოფილი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.