არჩილ კბილაშვილი - მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობს ქალაქის მერი

არჩილ კბილაშვილი - მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობს ქალაქის მერი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა არ იცის რა ინფორმაციას ფლობს თბილისის მერი, გიგი უგულავა . როგორც "მაესტროს" არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროკურატურაში და სხვა სამართალდამცავ ორგანოში არაერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მერიას და მის თანამშრომლებს უკავშირდება.

"ასე რომ, მომავალში ვინ და როდის დაიკითხება, ან ვინ მიეცემა პასუხისგებაში, წინასწარ ამის პროგნოზირებას რასაკვირველია არ გავაკეთებ",-განაცხადა კბილაშვილმა.

თბილისის მერმა "პირველი რადიოს" ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ პროკურატურა მას უახლოეს პერიოდში ახალ ბრალს წაუყენებს. უგულავას თქმით, საქმე "თბილსერვის ჯგუფის" მსგავს საქმეს ეხება. გიგი უგულავა ამას 19 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებს.

"ჩემი ინფორმაციით, კიდევ ერთ ბრალს ცოტა ხანში წამიყენებენ. დაახლოებით იგივე იქნება, როგორც "თბილისერვის ჯგუფთან" დაკავშირებით იყო. დეტალები არ ვიცი, მაგრამ არ დაახანებენ, თვითონ ეჩქარებათ", -განაცხადა უგულავამ.