სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბიუროს სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას აპირებს.

"მე რაც ბიუროზე ვთქვი, იმას ვადასტურებ, მაგრამ, არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ დარჩეს და სიცხადე შევიტანოთ, არ მითქვამს, რომ სარეიტინგო კენჭისყრას ვატარებთ. ამაზე ხვალ ვიმსჯელოთ", - აღნიშნა გუშინ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე გიგი წერეთლის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წინადადების მნიშვნელობა ახსნა.

რაც შეეხება ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი განსახილველად მზადაა და მას პირველი მოსმენით დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.