”ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში" პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიესალმებიან და საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში შემდგომი რეფორმების გატარებისაკენ მოუწოდებენ.
"2009 წლის ანგარიშში: "ეკლების ვარდების შემდეგ" ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში გამოიყენეს პოლიტიკური პატიმრების სტატუსის დადგენის ევროპის საბჭოს კრიტერიუმები ასეთი პატიმრების არსებობის ხაზგასასმელად საქართველოში. ეს კვლევა კონცენტრირებული იყო 8 საქმეზე, რომლებშიც ხაზგასმული და შესწავლილი იყო პოლიტიკური დევნის ნიშნები. ორი პატიმარი, რომელთა სტატუსიც დადგინდა ამ კვლევაში, გაათავისუფლეს ამნისტიის შესახებ კანონის ფარგლებში, ხოლო დანარჩენებმა დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები სასჯელის ვადის ამოწურვისთანავე, ამ კანონის მიღებამდე", - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში პოლიტპატიმართა გათავისუფლებას განიხილავენ, როგორც სამართლის აღდგენისაკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები მიუთითებენ იმ ფაქტზეც, რომ დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა ნაწილი აცხადებს, რომ მათი მსჯავრდებაც პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია პოლიტიკური პატიმრების შესახებ ამნისტიის კანონის ამოქმედებამდე გათავისუფლებულ პოლიტპატიმართა საქმეების შესასწავლად და მათთვის შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად, ასევე, შესაძლო პოლიტპატიმართა საქმეების შემდგომი გამოძიებისაკენ; მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი რეფორმისაკენ და საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებთან (კერძოდ - სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) შესაბამისობის უზრუნველყოფისაკენ.