"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენებს გირაო შეფარდათ

"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბიზნესმენებს ლაურა ღაჭავას და მის ვაჟს, დავით კოდუას აღმკვეთ ღონისძიებად 600-600 ათასლარიანი გირაო შეუფარდა , ცეზარ ჩოჩელს კი - 300 ათასლარიანი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯამში 19 ბრალდებული ბიზნესმენის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. ყველა მათგანს გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გაცილებით მეტი თანხის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბიზნესმენებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე - ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დღევანდელ პროცესზე პროკურატურა კონკრეტულად ლაურა ღაჭავას შემთხვევაში 1 600 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმავე თანხას ითხოვდა მისი შვილის - დავით კოდუასათვისაც.

რაც შეეხება ბრალდებულ ცეზარ ჩოჩელს, მისთვის ბრალდების მხარემ 650 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 მაისს ჩაინიშნა.