აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე სასამართლოში უჩივის.
ჟურნალისტი, სასამართლოს საშუალებით, 2013 წლის 21 იანვარს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ავთანდილ ბერიძის მიერ მის მიმართ გამოყენებული სიტყვების "ტყუილი" და "მატყუარას" უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური თანხით 3 333 ლარის ოდენობით ითხოვს.
როგორც ტარიელ ცეცხლაძე აღნიშნავს, მის მიერ მომზადებული სტატია აჭარაში ნეპოტიზმის ნიშნით თანამდებობებზე დანიშნულ პირებს შეეხებოდა ("დანიშვნები აჭარის ახალ მთავრობაში მურმან დუმბაძის ნათესავების თამადობით"), რამაც ავთანდილ ბერიძის გაღიზიანება გამოიწვია.
"ავთანდილ ბერიძემ 2013 წლის 21 იანვრის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჩემს მიერ მომზადებულ მასალაში მოყვანილ ფაქტებს უწოდა ტყუილი, ხოლო მე მატყუარა. ვფიქრობ, ჟურნალისტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს. საჯარო მოხელეებს მართებთ უფრო მეტი ეთიკურობა ჟურნალისტებთან მიმართებაში. საჭიროა, ჟურნალისტებმა პრეცენდენტული სახით მსგავსი საჩივრებით საჯარო მოხელეებს უფრო მეტად ვასწავლოთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. სწორედ, ეს არის მიზანი, რის გამოც სარჩელი შევიტანე სასამართლოში", - აღნიშნა ტარიელ ცეცხლაძემ.
მისივე თქმით, ტრადიციულ ბრიფინგზე ავთანდილ ბერიძემ ექვსჯერ გაიმეორა, რომ ფაქტები ტყუილია, ხოლო ერთხელ აღნიშნა, რომ ის მატყუარაა.
ტარიელ ცეცხლაძეს სამართლებრივ დახმარებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი უწევს. ხიმშიაშვილის თქმით, ფულადი თანხის მოთხოვნით, ზიანის მიმყენებელს დააფიქრებს უარყოფით ქმედებებისა და შედეგებზე.
"ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ იქნა სამოქალაქო სარჩელი, რომელიც შეეხება იმ ფაქტების უარყოფას, რომელსაც ტარიელ ცეცხლაძე თვლის, რომ მის მიმართ გავრცელდა არასწორად. ასევე, მისი სურვილი იყო მოეთხოვა მორალური ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, რომელიც 3333 ლარს შეადგენს. ჩავთვალეთ, რომ ზიანის მიმყენებელს ამ ოდენობის თანხა გარკვეულწილად, დააფიქრებს მის მერ გამოხატული უარყოფითი ქმედების და შედეგის მიმართ", - აღნიშნა გიორგი ხიმშიაშვილმა.
მისივე თქმით, ხუთი დღის ვადაში გახდება ცნობილი სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა სარჩელს.