განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად 26 მარტს იმსჯელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა საავტორიზაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 19 მარტს წარმოადგინა.
ცენტრმა ავტორიზაციის პროცედურების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყო. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო განაცხადის საფუძველზე, აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი და ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების პირობების შესაბამისობა შემოწმდება.
ვიზიტის შემდეგ ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც ცენტრი გადასცემს როგორც საბჭოს წევრებს, ასევე აგრარულ უნივერსიტეტს. შემდეგ ეტაპზე ცენტრი მოიწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს (საბჭოს სხდომა ჩანიშნულია 26 მარტს), რომელიც საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის საფუძველზე იმსჯელებს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, კანონის დაცვით წარიმართება.