დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თბილისის საკრებულოში, შესაძლოა, ფრაქცია შექმნან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭინჭარაძემ განუცხადა, დამოუკიდებელ დეპუტატ გიორგი ქველაძესთან ერთად იგი ფრაქციის შექმნას აპირებს. ამ ეტაპზე ჭინჭარაძემ არ დააკონკრეტა, კიდევ რომელი დამოუკიდებელი დეპუტატი შევა მათ ფრაქციაში.
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის დატოვების შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები დავით ჭინჭარაძე და გიორგი ქველაძე ბრიფინგს საკრებულოში ხვალ გამართავენ და ფრაქციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებენ. დავით ჭინჭარაძემ აღნიშნა, რომ ფრაქცია ზეწოლის გამო არ დაუტოვებია.
საკრებულოს ინფორმაციით, დავით ჭინჭარაძემ და გიორგი ქველაძემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" 15 მარტს დატოვეს.
თბილისის საკრებულოში ამჟამად 5 ფრაქციაა: "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო", "ქართული ოცნება _ თბილისი" ქართული ოცნება _ თბილისელები" და "თავისუფლება".