მე და დონაძე სასამართლოში შევხვდებით, - ასე გამოეხმაურა გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შსს-ს პრესცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის , გურამ დონაძის დღევანდელ განცხადებას.
დონაძემ მუკბანიანს ბუტა რობაქიძის საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს. მუკბანიანმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას დონაძის მიერ დღეს გავრცელებულ ფირებზე კომენტირებისგან თავი შეიკავა.
"მე ვიდეოფირების ექსპერტი არა ვარ. ეს ყველაფერი გამოვლინდება სასამართლო პროცესებზე. ამისთვის კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ", - განაცხადა მუკბანიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს ჟურნალისტებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები წარუდგინეს.
დონაძის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ გადაცემა "პატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს.
"გასროლიდან 39-ე წამზე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, გოჩა მუკბანიანი დგას შემთხვევის ადგილზე, შემდეგ ჯდება მანქანაში და იძახებს პატრულს ტექსტით - "არიან დაკავებულები, დაჭრილები, არის იარაღი, გამოუშვით სასწრაფო", - აცხადებს დონაძე.
მისი თქმით, მუკბანიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენება მისცა.
დონაძე მოითხოვს, რომ მუკბანიანი იგივე ბრალდებით დააკავონ, რა ბრალდებითაც არის დაკავებული მაიზერ ლიპარტელიანი, რაც ურთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემას გულისხმობს.