საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოლონური საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Asseco Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და პარტნიორების მოძიების მიზნით იმყოფებიან.
"კომპანია Asseco Group-ის სურვილია, საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები და მოიძიოს პარტნიორები. ეს ერთ-ერთი მსხვილი IT კომპანიაა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. მათ აქვთ საინტერესო სტრატეგია, რომელიც სურთ, კერძო კომპანიებს გაუზიარონ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, განვიხილოთ მათი პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
Asseco Group-ის წარმომადგენელ პრჟემისლავ შესკოვსკის განცხადებით, საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად იმყოფებიან.
"ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში. კომპანიას აქვს პროგრამული უზრუნველყოფის კარგი გამოცდილება ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის. საქართველოში ჩამოვედით საინვესტიციო გარემოს გასაცნობად და პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ველით, რომ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე სახელმწიფო უწყებები", - აღნიშნა შესკოვსკიმ.
კომპანია Asseco Group-ის პროფილი საბანკო და სადაზღვევო სისტემებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებს მოიცავს და იგი ევროპული ქვეყნების უმეტრესობაში მუშაობს.