საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თხოვნით მიმართავს , მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადაში, კანონის ფარგლებში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე.
მარგველაშვილმა დღეს განათლების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წუხილი გამოთქვა, რომ ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომლები გახდნენ კახა ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძისა და ყოფილი მაღალჩინოსნების "პოლიტიკური კლოუნადის, პიარისა და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი".
"ჩვენ თვალს ვადევნებდით ყოვლად ამაზრზენ პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგია - "ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა". მიხარია, რომ დღეს ამ ჯგუფმა მოახერხა და მოვიდა კანონთან შესაბამისობაში. კერძოდ, ხარისხის მართვის სამსახურში წარდგენილია დოკუმენტები, სადაც ჯგუფი, რომელიც 9 წლის განმავლობაში თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. აქედან გამომდინარე, მივმართავ თხოვნით ხარისხის მართვის სამსახურს, მაქსიმალურად დააჩაქროს და კანონის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი პროცედურები, რათა დამთავრდეს პიარსპეკულაციები, რომელსაც აწყობენ დისკრეტირებული პოლიტიკოსები", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
განათლების მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აკრედიტაციის სამსახური სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტს პრობლემას.