საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს მიმართავს.
ჩიქოვანი ქართულ ჯართან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
"მინდა მას მივმართო შეკითხვით და იმედია, მიპასუხებს, ბოლოს როდის იყო სენაკის ბრიგადაში, ბოლოს როდის იყო მარნეულის ბაზაზე, ბოლოს როდის ნახა ის შეიარაღება, რა შეიარაღებაზეც საუბრობს, თითქოს მოდერნიზებულსა და გაუმჯობესებულზე", - მიმართა ნუგზარ წიკლაურს ირაკლი ჩიქოვანმა.
იგი ოპონენტს ეთანხმება, რომ თავდაცვა და ქვეყნის უსაფრთხოება პოლიტიკური საკითხი არ არის, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ხელყო ან რაიმე ფორმით საფრთხის ქვეშ დააყენა ეს ყველაფერი, დასასჯელია.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში 1999 წლიდან მუშაობდა და რასაც იმ დროს მარნეულის ბაზაზე ხედავდა, არაფერი შეცვლილი არ არის.
ჩიქოვანის ინფორმაციით, ჯარისკაცებს დღის განმავლობგაში საკუთარი ლოგინების მთლიანად ალაგება უწევთ, რადგან მტვრის გამო, საღამოს დანაგვიანებული არ დახვდეთ. მან მზადყოფნა გამოთქვა, ნუგზარ წიკლაურთან ერთად წავიდეს და თითოეული სამხედრო ნაწილის მდგომარეობას გაეცნოს.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბოლო კვირების განმავლობაში შესამჩნევია ქართული ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა და ღირსების შემლახავი კამპანია.