საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს კრიმინალის შეკავების ღონისძიებებში დახმარებას სთავაზობს.
როგორც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საზოგადოებაში გამოიკვეთა განცდა, რომ უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის.
"ამ თემაზე შს მინისტრისგან პასუხად მივიღეთ ცინიკური შეფასებები და სტატისტიკა, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ კრიმინალი გაზრდილი კი არა, შემცირებულია. სინამდვილეში, მედიასაშუალებების მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაციაც კრიმინალის გაზრდას მოწმობს. ტენდენცია საგანგაშოა. სტატისტიკა მეტყველებს გაზრდილ კრიმინალზე, თუმცა მთავარია ის განცდა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ამას სჭირდება საზოგადოების ადეკვატური რეაქცია. ჩვენ დაგვიგროვდა სათანადო გამოცდილება და პასუხისმგებლობა, რომ ამ გამოწვევებს ერთობლივად ვუპასუხოთ. ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრს კრიმინალის შეკავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში თანამონაწილეობას ვთავაზობთ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, მეორეს მხრივ შინაგან საქმეთა სამინსიტრო კრიმინალის ზრდას ახალისებს.
ლევან ბეჟაშვილმა მაგალითად სიღნაღის რაიონში მოქალაქე მამუკა აბულაშვილის განზრახ ცემაზე პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა.
"თავდამსხმელებიდან ერთი ადამიანი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს. საქმეზე კი სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის. როცა ასეთი შერჩევითი მიდგომები გვექნება, კრიმინალს ვერ შევაკავებთ და ადეკვატურ ღონისძიებებს ვერ გავატარებთ. მოვუწოდებ მინისტრს, ჩახედოს გამოწვევებს თვალებში და კრიმინალთან ჩვენი ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით ერთად ვიმოქმედოთ", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.