უმრავლესობის ლიდერების მხრიდან რიტორიკა დღეს პირველად შეიცვალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ცდილობდა ხელისუფლების დარწმუნებას, რომ ის საკითხი, რომელზეც უმრავლესობის მთელი ყურადღებაა კონცენტრირებული და, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ მუხლს უკავშირდება, მთავარი საკითხი არ არის და ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.
"ჩვენ ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო განხილვები მოგვეწყო ცივილიზებურად, ამის პასუხად მივიღეთ საკონსტიტუციო განხილვები კვერცხების სროლით, აქციების მოწყობით, ლანძღვა-გინებით, ფურთხებით და ფიზიკური შეურაცხყოფით. ამის შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ ეს გზა არასწორი, არაცივილიზებულია და კარგი იქნებოდა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეთანხმების გზით მივიღებდით. სამწუხაროდ, ამის შემდეგ თვეების განმავლობაში ისმის - თქვენს ხმებს მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, ეს ხმები მაინც არსებობს და თქვენში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენ ამას არ გეტყვიან და ბოლო მომენტში ჩვენ მოგვცემენ ხმას. ეს რიტორიკა დღევანდელ დღემდე გრძელდებოდა", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ გარკვევით თქვა, რომ საქმე გვაქს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესთან.
"რიტორიკა, რომელიც გუშინ გვესმოდა უმრავლესობის თავმჯდომარის, უმრავლესობის ფრაქციების თავმჯდომარეებისა თუ უმრავლესობის სხვა გავლენიანი ლიდერების მხრიდან, დღეს პირველად იქნა შეცვლილი", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ეს გააცნობიერა ან გაცნობიერებული ჰქონდა და ამის შესახებ დღეს პირველად თქვა გარკვევით.
გაბაშვილის თქმით, სიტუაცია არის ძალიან მარტივი და ეს სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რათა ძალთა გადანაწილება და ბალანსი გამოჩნდეს.