თურქი ბიზნესმენი ომერ სარი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მუქარის, შანტაჟისა და წართმეული წილების შესახებ საუბრობს.
როგორც ომერ სარმა სასტუმრო რედისონში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი 1990 წლიდან საქართველოში საქმიანობს. მისი ინფორმაციით სამოქალაქო ომის დროს ბიზნესი შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით, 1997 წლიდან საქმიანობა კვლავ განაახლა.
"2003 წლიდან შევიძინე წილები კომპანიებში, რომლებიც მართავდნენ ფოთის პორტის ტერმინალებს. სამი კომპანიიდან ორ კომპანიაში მოხდა წილების ცვლილება და მათვაში მოვიდა "სონატა ალიანს ჯორჯია", რომელიც დანიშნა დირექტორი ლევან ჯღარკავა. ამ უკანსკნელის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტია გამოტანილი საქვეანგარიშოდ და გადარიცხული არადანიშნულებისამებრ. უკვე წელიწადზე მეტია, საჩივარი მაქვს შეტანილი ფინანსურ პოლიციაში მე-5 ტერმინალზე თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ თუმცა ჯერ ამას რეაგირება არ მოჰყოლია", - განმარტა ომერ სარიმ.
ამასთან, ბიზნესმენი დახმარების თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ ბუხრანს.
"ვფიქრობ, არ ვარ ერთადერთი ბიზნესმენი, რომელსაც ქართულ საქმეში ინვესტიციის ჩადების დიდი სურვილის მიუხედავად, ამის საშუალებას არ მაძლევდა ხელისუფლება, რომელიც საბედნიეროდ ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოშორდა. არა თუ არ მაძლევდა შესაძლებლობას, მეკეთებინა საქმე, არამედ მუქარისა და შანტაჟის ქვეშ მაიძულებდა დამეთმო საკუთარი წილი კომპანიაში, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებდა", - განაცხადა ომერ სარიმ.
მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენის იმედით, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამასთან, როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, დღესვე აპირებს, რომ მიმართოს განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს წართმეული წილების და გაფლანგული თანხების დაბრუნების მიზნით.