პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შესახვედრად მზად არის.
დავით უსუფაშვილს საკრებულოს თავმჯდომარესთან და წევრებთან შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სთხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი ვაშაძის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მან მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის წერილი და მას აუცილებლად შეხვდება.
უსუფაშვილის თქმით, მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს სხვა წევრებმაც მიმართეს, მათ შორის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატებმა. უსუფაშვილი აპირებს, საკრებულოს ყოფილ წევრებსაც შეხვდეს.
დავით უსუფაშვილს მიაჩნია, რომ თბილისის საკრებულოს გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია ბევრი თვალთაზრისით.
მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდება სამომავლოდ, ის რაც წარსულში სამწუხაროდ არ იყო - ოპიზიციის ყველა დონის წარმომადგენელს ექნება პარლამენტში საკუთარი საკითხის მიტანის თუ შეხვედრის საშუალება.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვაშაძემ განაცხადა, ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც საკრებულოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეხვედრას ითხოვს.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოში საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი.