საპარლამენტო უმცირესობა დავით უსუფაშვილის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა გიგი წერეთელმა
განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებზე ისმოდა.
"ეს იყო ჩვენთვის შეურაცხმყოფელი, რომ ვიღაც მხარს უჭერს დიქტატურას, ვიღაც კი ხმას მისცემს ამ ცვლილებებს. ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია. ეს ლოგიკური და აპრობირებული მეთოდია იმისთვის, რომ ჩვენ და საზოგადოებამ ვიცოდეთ, რამდენია დეპუტატი, ვინც ხმას აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ რომ არ შემოგვეთავაზებინა, თქვენც უნდა გაგეკეთებინათ ეს თქვენი ხმების ოდენობაში დასარწმუნებლად. ეს აპრობირებული მეთოდია, არაფერი გაუგონარი, მიუღებელი და განსხვავებული არ ხდება", - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, უმრავლესობის დანაკლისი ცვლილებების მისაღებად საჭირო ხმები შეავსოს, სწორედ ამიტომ სარეიტინგო კენჭისყრაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს.
"ჩვენ ხმა მივეცით იმას, რომ ოქტომბრის თვიდან აღარ იყოს ეს ცვლილება. ჩვენ არაერთი სხვა შემოთავაზება გვქონდა სხვადასხვა კანონპროექტების სახით, რაც არ მიიღეთ და იყო თავდასხმები, რომ არ გჭირდებოდათ ხმები. თუკი არის კონსტრუქტივიზმი თქვენი მხრიდან, მიუღებელი არაფერი უნდა იყოს, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა და მივიღოთ ეს ცვლილებები", - აღნიშნა წერეთელმა.
გიგი წერეთლის გამოსვლის დასასრულს საკუთარი პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა.
"განსხვავებული ინტერპრეტაციების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით განვმარტავ, მე არ მითქვამს, რომ სარეიტინგო კენჭისყრას ვატარებთ. ამაზე ხვალ ვიმსჯელოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში 94 საკითხია შეტანილი. აქედან საერთო სასამართლოების შესახებ კანონისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მოსმენა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება. გარემოს დაცვის საკანონმდებლო პაკეტებზე კი დეპუტატები პარასკევს იმსჯელებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა.
მისივე განმარტებით, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ კითხვაზე პასუხი – ახერხებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე გატანას, ელემენტარული არითმეტიკიდანაც ჩანს, სარეიტინგო გამოკითხვის აუცილებელი არ არსებობს.
"მინდა, განვმარტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამენტში. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში არის 147 წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება სულ მცირე 100 ხმა. უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, შესაბამისად შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იქნება მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, განვმარტავ – კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობაში" დღევანდელი მდგომარეობით რიცხული პარლამენტის წევრები. ამიტომ, საკითხზე, სარეიტინგო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია ასეთი - ცვლილებები ვერ გავა, რადგან 147 მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები. ამას მათემატიკა გვეუბნება, შესაბამისად, სრულიად გარკვეულია ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არითმატიკაზე დამყარებული პასუხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, უმრავლესობა უმცირესობისგან ხმებს არ ითხოვს, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში თანამონაწილეობას სთავაზობს.