საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ბიუროს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამასთან, ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ამ წინაგადადგმულ ნაბიჯს მოყვება სწორი გაგრძელება, რაც სარეიტინგო კენჭისყრაში გამოიხატება.
"მივესალმები ახალ რიტორიკას, რომელიც დღეს გაჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელმაც პირდაპირ დააფიქსირა, რომ უმრავლესობას არ გააჩნია საკმარისი ხმები, რომ ოპოზიციის გარეშე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება ყველაფერი იმისგან, რაც გვესმოდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც უმრავლესობის ხაზი იყო, რომ მათ არ ჭირდებათ კონსულტაცია, რომ უჩვენოდ ეს ცვლილებები მაინც გავა. ეს არის ნამდვილად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და იმედი მაქვს, სწორი მიმართულებით მოჰყვება ხვალ გაგრძელება და ეს გაგრძელება იქნება სარეიტინგო კენჭისყრის სახით, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ამ საკითხზე განსხვავებულ აზრებს. ამასთან, ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს შეთანხმების, რათა ერთმანეთის პატივისცემის რეჟიმში მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის გარეშე ვერ გავა.
მისივე განმარტებით, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ კითხვაზე პასუხი – ახერხებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე გატანას, ელემენტარული არითმეტიკიდანაც ჩანს, სარეიტინგო გამოკითხვის აუცილებელი არ არსებობს.
"მინდა, განვმარტო ყველასთვის, თუ რა მდგომარეობაა პარლამენტში. დღევანდელი მდგომარეობით, პარლამენტში არის 147 წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდება სულ მცირე 100 ხმა. უმცირესობის რიგებში დღევანდელი მდგომარეობით ირიცხება პარლამენტის 53 წევრი, შესაბამისად შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იქნება მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები, განვმარტავ – კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერენ "ნაციონალური მოძრაობაში" დღევანდელი მდგომარეობით რიცხული პარლამენტის წევრები. ამიტომ, საკითხზე, სარეიტინგო გამოკითხვა უნდა ჩატარდეს იმის გასარკვევად, საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია ასეთი - ცვლილებები ვერ გავა, რადგან 147 მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები. ამას მათემატიკა გვეუბნება, შესაბამისად, სრულიად გარკვეულია ეს საკითხი. ეს არ არის პოლიტიკური, არამედ არითმატიკაზე დამყარებული პასუხი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, უმრავლესობა უმცირესობისგან ხმებს არ ითხოვს, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში თანამონაწილეობას სთავაზობს.