მაია ფანჯიკიძე - ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია

მაია ფანჯიკიძე - ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია

თურქული გამოცემა "საბაჰი" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც "ფეისბუქზე", საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

გაზეთთან ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს.

ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოაგვარებს პრობლემებს სავაჭრო ურთიერთობებში და შეეცდება პირობების გაუმჯობესებას.

"საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას; მოიზიდოს და წაახალისოს ინვესტიციები. შესაბამისად, არ იქნება წნეხი პოლიტიკური ნიშნით ბიზნესმენებზე. პირიქით, ყველა ბიზნესმენს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარმართავს თავის ბიზნეს საქმიანობას, ჩვენს ქვეყანაში, ექნება ამისთვის ყველანაირი პირობა", - განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება. ამისთვის კი აუცილებელია, გასული წლის 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო მოცულობის გაზრდა სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების გზით.

მაია ფანჯიკიძემ საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტით დაიწყო ახალი ფურცელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ფანჯიკიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" ლიდერს ივანიშვილს ანკარაში ძალიან მეგობრულად შეხვდნენ.

"საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია კარგი ურთიერთობების ქონა მეზობელ ქვეყნებთან და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან. ამ კუთხით, სამაგალითოა ურთიერთობები თურქეთთან. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება", -განაცხადა მან.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 1-ელი ნოემბრიდან თურქეთ-საქართველოს შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რის ფარგლებშიც მიმდინარეობს მუშაობა ქართული და თურქული სამრეწველო საქონლის ექსპორტ-იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ ხორციელდება 2012 წლის 4 აპრილს ძალაში შესული სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ერთობლივი ექსპლოატაციის შესახებ ხელშეკრულების ტექნიკური ხასიათის ტესტირების რეჟიმი და იგი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ანკარაში გამართული შეხვედრისას დღის წესრიგში დადგა ახალციხელი თურქების რეპატრიაციის საკითხი. ფანჯიკიძემ დასძინა, რომ დაბრუნების პროცესი დაწყებულია.

"პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპი გახლავთ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთაგან განაცხადების მიღება. ჩვენთან შემოვიდა 5841 განცხადება 8900 პირისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების უმრავლესობა იყო ხარვეზებით. შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმადაც სტატუსის მაძიებლებს მიეცათ აღნიშნული ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა. რეპატრიანტის სტატუსი მიღებული აქვს 864 მოქალაქეს. მათგან 6 პირს შეტანილი აქვთ განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეპატრიაციის სტრატეგიასა და ინტეგრაციის პროცესზე. არის გარკვეული ეტაპები, რაც სავალდებულოა, რომ ყველა სტატუსის მაძიებელმა და უკვე სტატუსის მქონე პირმა გაიაროს. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დეპორტირებული პირებისთვის",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა პატიმრების ურთიერთგადაცემის თემა. მან აღნიშნა, რომ პატიმართა სამართლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს ხანში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი პირველი ვიზიტის თურქეთში განხორციელება. მან დასძინა, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თებერვლის თვეში გამართული შეხვედრისას შეთანხმდა "პროტოკოლის გარეშე" ურთიერთობაზე, აგრეთვე იმაზეც, რომ ერთმანეთთან შეეძლებათ ტელეფონით ურთიერთობა ნებისმიერ მომენტში.

"თბილი ურთიერთობები და პირადი კეთილგანწყობა დადებითად აისახება ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვისას თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეგობრული ურთიერთობები წარმატებული საქმიანი ურთიერთობის საწინდარია",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოში მიიწვია პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რომელმაც სიამოვნებით მიიღო მიწვევა.