უმცირესობა უმრავლესობას შეთავაზებაზე უარის თქმას

უმცირესობა უმრავლესობას შეთავაზებაზე უარის თქმას "ქვეყნის მტრობად" ჩაუთვლის

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას შეთავაზებაზე უარის თქმას "ქვეყნის მტრობად" ჩაუთვლის. 

როგორც დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობის ხმების რაოდენობის წარმოსაჩენად სარეიტინგო კენჭისყრას აუცილებლად მიიჩნევს.

ვაშაძემ სარეიტინგო კენჭისყრის სამართლებრივ საფუძვლებზეც ისაუბრა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი მოიშველია, რომლის თანახმადაც, პარლამენტის თავმჯდომარეს სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება არა მარტო ალტერნატივის, არამედ სხვა შემთხვევაშიც შეუძლია.

"კონკრეტული გამოსავალია, შევთანხმდეთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია შეთანხმება და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება. თუ უმრავლესობისთვის ეს იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხელების გადაგრეხვის მცდელობა, ამაზე ვერ გავყვებით. პასუხისმგებლობა არის მათ მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში არ არსებობდეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება რამდენი ხმა აკლიათ. ამით მიღწეული იქნება საბოლოო შედეგი, რომ პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება არ ჰქონდეს. თუ ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ვერ წარმომიდგენია რატომ არ უნდა დათანხმდნენ ამ წინადადებას. თუ არ დათანხმდებიან, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ სამი თვის მანძილზე სიცრუეში გვამყოფეს, ამით გადაფარეს შეუსრულებელი დაპირებები და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გამოეყვანათ ქვეყნის მტრად. ქვეყნის მტერი იქნება ის, ვინც ამ შეთახმებაზე არ წავა", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ თემაზე შეთანხმება საბოლოოდ დახურავს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ თემას და უმრავლესობა და ოპოზიცია სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობასაც შეძლებენ.