პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ახალი სტრატეგიის პრინციპებზე ისაუბრა

პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ახალი სტრატეგიის პრინციპებზე ისაუბრა

ჩემთვის მისაღებია, მივსდიო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას, რაც შემუშავებულია წინა ხელისუფლების დროს , - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს სტრატეგია იძლევა საშუალებას, გაგრძელდეს მუშაობა, სანამ მისი ვადა არ ამოიწურება.

როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, არსებობს ამ სტრატეგიის ალტერნატივა, მაგრამ, ჯერ ის დამუშავების პროცესშია და მისი მიღების აუცილებლობა არ არის.

"როგორც კი ამოიწურება არსებული სტრატეგიის ვადა, წარდგენილი იქნება ახალი სტრატეგია, რომლის მონახაზები არსებობს",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინსიტრმა ჩამოაყალიბა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც აქცენტი გაკეთდება.

"პირველ რიგში, უნდა მოვუსპოთ აფხაზურ და ოსურ მხარეებს არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, ამის პირველი ეტაპი წარმატებით არის გავლილი. თითქმის მოისპო კრიტიკული განცხადებები სოხუმიდან და ცხინვალიდან ახალი ხელისუფლების მიმართ და იძულებულები არიან, რაღაც მოიგონონ. ამას წინათ ერთმა ე.წ. ლიდერმა თქვა, რომ არ მოსწონთ, ქართულ პრესაში რაც იწერება. ანუ მთავრობას აღარ ედავებიან. ბევრმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რომ სოხუმში ვითარება დაიძაბა და ე.წ. ოპოზიციამ დე-ფაქტო ხელისუფლებას შეუტია. პრეტენზია ასეთი იყო - პრაქტიკულად არ აკრიტიკებთ საქართველოსო",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის საფუძველზე შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ რუსეთს მოესპოს საფუძველი, მსოფლიოს წინაშე განაცხადოს - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება აუცილებელი იყო.

"მესამე არის ის, რომ რაკი ვუსპობთ რუსეთს არგუმენტებს აღიარების მიმარულებით, ვაძლიერებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების არგუმენტებს არაღიარების პოლიტიკის რეალიზაციაში",-დასძინა ზაქარეიშვილმა.