პაატა ზაქარეიშვილი – შესაძლოა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების პროცესი დაიწყოს

პაატა ზაქარეიშვილი – შესაძლოა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების პროცესი დაიწყოს

შესაძლოა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"საუბარია ვანუატუზე, თუმცა ჯერ ეს დასტურდება, მაგრამ იმედია, მალე შეგვეძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არათუ არაღიარების პოლიტიკა მუშაობს, არამედ უკვე აღიარების პოლიტიკის უკან დაბრუნების პროცესიც შეიძლება დაიწყოს. იმედია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ზოგიერთი აღიარების უკან წაღება შედგება, მაგრამ ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ამიტომ, სჯობს დაველოდოთ და მერე ვილაპარაკოთ ამაზე",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები გარდა იმისა, რომ გარანტირებულად ადასტურებენ, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ასევე მუშაობენ - მათი გავლენის არეალში მყოფმა სახელმწიფოებმა ეს არ გააკეთონ.