თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელსაც არ ეთანხმება

თეა წულუკიანმა ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელსაც არ ეთანხმება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრი პარლამენტის წევრების უმრავლესობის ორმა მესამედმა უნდა აირჩიოს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავრობა არ ეთანხმება ამ ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნას.

"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს სჭირდება უფრო მეტი მაღალი ლეგიტიმაცია, ვიდრე თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის არჩევაც ორი მესამედით ხდება, თუნდაც მთავრობას, რომელსაც არ ამტკიცებენ ამგვარი წესით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ლეგიტიმურობის ხარისხი, რომელიც გააჩნია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობას, არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს დეპოლიტიზებული უმაღლესი საბჭო. ეს არის მთავრობის პოზიცია და პროექტის ავტორი სანდრო ბარამიძე პარლამენტში ამ პოზიციას ბოლომდე დაიცავს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.