ვახტანგ ხმალაძე სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივას ერთიანობის დემოსტრირების სურვილს უკავშირებს

ვახტანგ ხმალაძე სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივას ერთიანობის დემოსტრირების სურვილს უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე სარეიტინგო კენჭისყრის ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ერთიანობის დემოსტრირების სურვილს უკავშირებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს შეთავაზება იქიდან გამომდინარე გააკეთა, რათა საზოგადოებას აჩვენონ, რომ ის არის ერთი გუნდი.
"სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ვხედავ. მათი ეს განცხადება და შეთავაზება უკავშირდება შემდეგს - როგორმე დაანახონ საზოგადოებას, რომ ისინი არიან ერთი გუნდი, რომლებიც ბოლომდე ერთად არიან. თუმცა მე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სიყვარულისა და წინსვლაზე არიან ორიენტირებული", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის კარტის თამაში და ბლეფი.
"ვინ თამაშობს და რა არის ბლეფი, ეს ყველაფერი კენჭისყრის დროს გამოჩნდება", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.