საპარლამენტო უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც თემის კომენტირებისას დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა , სარეიტინგო კენჭისყრის შემთხვევაში რეგლამენტი დაირღვევა, რადგან ასეთი კენჭისყრა მაშინ გამოიყენება, როდესაც ალტერნატიული წინადადება არსებობს.
"რადგან ალტერნატიულ წინადადებასთან საქმე არ გვაქვს, სარეიტინგო კენჭისყრას არავითარი გამართლება არ აქვს. იქნება მხოლოდ ერთი - არსებითი ხასიათის კენჭისყრა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგები", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამასთან, სარეიტინგო კენჭისყრის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა კონსულტაციების შედეგად მიიღებს. საპარლამენტო უმრაველსობის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ.

"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან საინტერესოა", - აღნიშნა ძიძიგურმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.