მიხეილ სააკაშვილი - თუ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებები სურს,

მიხეილ სააკაშვილი - თუ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებები სურს, "ნაცმოძრაობის" წინადადებას ორი ხელით უნდა დათანხმდეს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა სურს, "ნაციონალური მოძრაობის" წინადადებას "ორი ხელით უნდა დათანხმდეს".

"მე მგონი, ძალიან ნათელი შეთავაზებაა. ტაბლოზე დაფიქსირდეს, რომ მათ აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც აქვთ, რომ ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს "ნაციონალური მოძრაობა". ყველამ მომიტევეთ, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მომენტია მომავლისთვის. ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ აკლიათ. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მათ აკლიათ 6-7 ხმა. ეს არის ზუსტად ის ზღვარი, რომლის იქეთაც ვერ წავიდნენ, მიუხედავად ზეწოლის ყველა მეთოდის გამოყენებისა. ასე რომ, ვფიქრობ, თუ მთავრობას უნდა ამ ცვლილების გატანა, ჩვენს წინადადებას ორი ხელით უნდა დათანხმდნენ. დამცირებისა და ტალახში თრევის საკითხს გვერდზე გავწევთ და გავიტანოთ ცვლილებები. ცვლილებების გატანაში მხარს დაგიჭერთ - თქვენ მოგებული დარჩებით, ქვეყანა რას მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ იმას მაინც მოიგებს, რომ დესტაბილიზაციის თუნდაც წარმოსახვითი მუქარა გაქრება და "ნაციონალური მოძრაობაც" დაამტკიცებს, რომ ეს არის ერთიანი, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ღირსეულად ასრულებს ოპოზიციის როლს. ზედმეტ გაჯიუტებას, მოვუწოდებ უმრავლესობის წევრებს, ისეთივე კონსტრუქციულები იყვნენ, როგორც ოპოზიცია. ჩვენ არ გვინდა, ხელისშემშლელად გამოვჩნდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ცვლილებებისთვის საჭირო ხმების შეგროვების მიზნით ხელისუფლება უმცირესობის წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდა.
"ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის წევრებზე პარლამენტში ხორციელდებოდა ისეთი ზეწოლა, რომელიც არ მახსოვს საქართველოს უახლეს საპარლამენტო ისტორიაში - ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ ხალხს აშინებდნენ, სხვადასხვა მატერიალურ სარგებელს ჰპირდებოდნენ, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგს შვილის დაჭერით დაემუქრნენ. დღეს, მაგალითად, უმცირესობის ორ წევრს გამოუცხადეს, რომ მათზე უახლოეს პერიოდში აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევითი არ არის, რომ ვითომ რაღაც საიდუმლო საწყობი აღმოაჩინეს გორში, რომელიც ფრაქციის ერთ-ერთი წევრს უკავშირდება და ამით პირდაპირ შეუთვალეს, რომ შენც შეიძლება დაგიჭიროთ, ხომ ხედავ საწყობი აღმოვაჩინეთო. იქ ვიღაცის ყოფილ ფირმაში საგამოძიებო სამსახური შევიდა და ამითაც ეუბნებიან, მოგვეცი ხმაო. ვიღაცები გადაიბირეს, რამდენიმე ადამიანი, რომელიც მე დიდად არ გამკვირვებია, გავიდა და დადგა იქეთ პოზიციაზე _ ყველა ვერ უძლებს დაწოლას, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი ბირთვი დარჩა უცვლელი და თქვა, რომ არ ვიყიდებით, არ ვშინდებით და ჩვენ ამ მეთოდებით ვერაფერს გვიზამენ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ფულზე ყველაფერი არ იყიდება და ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა.
"ბოლო თვეებში ჩვენ გვესმის მთავრობის და უმრავლესობის განცხადებები, რომ 110 ხმა აქვთ, 130 ხმა აქვთ და გარდა 5-6 ტვინგაცხელებულისა, ყველა მისცემთ ხმას. როგორც "კარტოჟნიკები ბლეფობენ", ისე გვესმის, რომ არ გვინდა ამათი ხმა, მაინც გავიტანთო. ახლა დადგა ჭეშმარიტების მომენტი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, საქართველოში არსებობს თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ იყიდება – ფულზე ყველაფერი არ იყიდება", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმციერსობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.