ისრაელის საელჩო მზად არის, ჯგუფური ვიზების გაცემის თაობაზე ტუროპერატორებთან ითანამშრომლოს

ისრაელის საელჩო მზად არის, ჯგუფური ვიზების გაცემის თაობაზე ტუროპერატორებთან ითანამშრომლოს

ისრაელის საელჩო საქართველოში მზად არის, ითანამშრომლოს ტუროპერატორებთან ჯგუფური ვიზების გაცემის თაობაზე , - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, იუვალ ფუქსმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრისას განაცხადა.

იუვალ ფუქსის განმარტებით, საელჩო მხოლოდ ინდივიდუალურ ვიზებს გასცემს, ხოლო ჯგუფური ვიზების გაცემა ისრაელის შს სამინისტროს პრეროგატივაა. მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ინტენსიური საუბარია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ისრაელის შს სამინიტროსთან იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ვიზებთან დაკავშირებული საკითხები.

"საელჩო და კონსული მზად არიან, ითანამშრომოს ტუროპერატორებთან ჯგუფური ვიზების გაცემის თაობაზე. კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურად ვიზებთან დაკავშირებით ისევ რჩება შს სამინიტრო ისრაელში, თუმცა სანამ სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს, ტუროპერტატორებს ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ კონუმიკაციაში იყვნენ საელჩოსთან, საკონსულო განყოფილებასთან", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა და დასძინა, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ტურისტების გადინების პროცესს საქართველოდან ისრაელში.

შეხვედრა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში აკრედიტებული ისრაელის საელჩოს ინიციატივით გაიმართა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა დაინტერესებულ მომლოცველს ისრაელში მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცეს.

"განვიხილავთ იმ პროცედურებს, რომლითაც ისრაელის საელჩო და საკონსულო ჩვენს ტუროპერატორებს მისცემს საშუალებას, გააუმჯობესონ მათთან ურთიერთობები და გაიიოლონ ტურისტებისთვის ვიზის მოპოვების საკითხი", - განმარტა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ისრაელის საელჩო განწყობილია, რომ ქართველ ტურისტებს ისრაელში გასამგზავრებლად ვიზის აღება გაუადვილდეს. ამასთან, როგორც ისრაელის ელჩმა განაცხადა, 2012 წელს საქართველოდან ისრაელში 4 443 ტურისტი გაემგზავრა, რაც 2%-ით აღემატება 2011 წლის მონაცემებს.

ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2012 წელს საკონსულომ 3 740 ინდივიდუალური ვიზა გასცა, ხოლო ჯგუფური ვიზა 850-მა ადამიანმა მიიღო საქართველოდან.

ამასთან, იუვალ ფუქსის თქმით, მათი დიდი სურვილია, ტურისტების ნაკადი მიედინებოდეს საქართველოდან ისრაელში და ასევე, ისრაელიდან საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს.
ელჩთან შეხვედრას საქართველოში მოქმედი ტუროპერატორები და ტუროპერატორთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.