საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს 21 მარტს უყრიან

საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს 21 მარტს უყრიან

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 21 მარტს უყრიან კენჭს , - ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ხუთშაბათი დღე იმიტომ შეირჩა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხია. მისივე თქმით, ამ საკითხს პარასკევის სესიაც დაეთმობა.
კონსტიტუციაში მკაფიოდ იწერება, რომ პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.

ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კორექტირება უკვე მოხდა. ცვლილებების ახალი ვარიანტის თანახმად, კონსტიტუციის 80-ე მუხლს 5/1 პუნქტი ემატება შემდეგი შინაარსით: მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს. როგორც ცნობილია, ამ მხრივ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში ტოვებს ნორმებს, რომლითაც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ამასთან, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირება და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.