ირაკლი ღარიბაშვილმა სტატისტიკური მონაცმები წარმოადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა სტატისტიკური მონაცმები წარმოადგინა

შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცმები წარმოადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში კრიმინალთან დაკავშირებით იყო გარკვეული მატება. 

"დეკემბრიდან მოყოლებული თვითონ გახსნადობის პროცენტულობამ საგრძნობლად იმატა. შემიძლია მოგიყვანოთ სტატისტიკური მონაცემები, ავიღოთ ბოლო ორი თვე იანვარი-თებერვალი; 2007 წელს იანვრის თვეში დანაშაულის რაოდენობამ შეადგენდა 5200, 2013 წელს კი – 3900. თბერვალში 2007 წელს 5300 შეადგენდა, ხოლო წელს 3800. 2008 წელს 4600 თებერვლის თვეში 2010-ში და 2011-ში შედარებით სტაბილური და გაუმჯობესება გვაქვს სერიოზული; ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება", – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ადამიანების ნაწილი ცდილობს ქვეყანაში წარმოაჩინოს, რომ არის გაუსაძლისი ვითარება და მშობლებს მოუწოდებენ შვილები სახლიდან არ გავიდნენ. ეს არის ყველაფრის მუქი ფერებით დახატვა, ხოლო რეალობა სულ სხვაა.

"ჩვენ არ ვმალავთ არც ერთ ინფორმაციას, ვართ გახსნილი და ვაწარმოებთ ღია გახსნილ პოლიტიკას. ის მონაცემები, რაც მე წარმოგიდგინეთ იძლევა საშუალებას მოსახლეობას მიეცეს რეალური სურათის დანახვის საშუალება. გახსნადობის მაჩვენებლი არის საგრძნობლად მომატებული, თვის ბოლოს რეალურად დაზუსტებელ სტატისტიკას წარმოგიდგენთ და დავრწმუნდებით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება", – აცხადებს მინისტრი.

ღარიბაშვილი მოუწოდებს ყველას როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას მაქსიმალურად თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და ეს თემა არ გახადონ სპეკულაციის საგანი.

"მე თვის ბოლოს ჩავატარებ მოკლე ბრიფინგს და დეტალურად განგიმარტავთ კრიმინოგენური თვალსაზრისით თუ რა შეიცვალა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო ამნისტიის თემასაც და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსულია 10 ათასამდე ადამიანი, 8 ათასი ამნისტიის - ხოლო 2 ათასი პრეზიდენტის შეწყალების შედეგად და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა ქვეყანაში კრიმინალის თვალსაზრისით სტაბილური ვითარებაა.