აფთიაქებში დაახლოებით 400 პრეპარატის რეცეპტის გარეშე გაყიდვა აიკრძალება

აფთიაქებში დაახლოებით 400 პრეპარატის რეცეპტის გარეშე გაყიდვა აიკრძალება

უახლოეს პერიოდში აფთიაქებში დაახლოებით 400 პრეპარატის რეცეპტის გარეშე გაყიდვა აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ნარკომანიის თემაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დაახლოებით 400 პრეპარატი თავისუფალ გაყიდვაშია, ამასთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში ამ პრეპარატების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე აკრძალული იქნება.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა ნარკომანიის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ნარკომანიის წახალისებას გამოიწვევს.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მომატებულია ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები, რაც სიკვდილიანობას დაჩაქარებულ ვადებში იწვევს, ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია მათ წახალისებას გამოიწვევს.

შს მინისტრს მიაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს და სამინისტროს პარლამენტთან ინტენსიური მოლაპარაკებები ექნება.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით საჭიროა, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.