ირაკლი ღარიბაშვილი:   112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი: 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება

სერვის 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება და დაწესებული გადასახადის გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვერდაზე განაცხადა. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 112-ის ფუნქციონირება ეფექტურია და მისი მომსახურება სხვა ქვეყნებშიც ფასიანია.

"დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ კანონმდებლობით დადგენილია 112-ის მომსახურების საფასური, ეს პრინციპი განისაზღვრა მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით. 112-ის მომსახურება და სერვისი ვფიქრობ, არის ეფექტური და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ფორმაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, ხომ არ შეიცვლება 112-ის სერვისის დაფინანსების წესი, რომელიც ამ დრომდე მოსახლეობის სატელეფონო ანგარიშებიდან ჩამოჭრილი ყოველთვიური თანხით ფინანსდება.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ მთავრობის გადასაწყვეტია, გაუქმდება თუ არა 112-ის გადასახადი.

თუ რა თანხას შეადგენს ჯამში მოსახლეობის სატელეფონო ანგარიშებიდან ყოველთვიურად ჩამოჭრილი თანხა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მონაცემებს მოიძიებს და გაუგზავნის დაინტერესებულ ჟურნალისტს.